IWRwfYy72f8ნიკოლოზ ანდრეევი დაიბადა 1964 წელს ქალაქ ზაგორსკში, პედაგოგების ოჯახში. ყრმა ნიკოლოზს ბავშვობიდან იტაცებდა ფოტოები. მას შეეძლო დიდი ხნის მანძილზე, ცხოველი ინტერესით ეთვალიერებინა ძველი, საავტორო, მხატვრული ფოტოები, რომლებიც უხვად მოიპოვებოდა საოჯახო არქივში: უყურებდა პორტრეტებზე გამოსახულ სახეებს, სწავლობდა ქალაქის ქუჩებისა და მოედნების დეტალებს. მან ფოტოგრაფის როლში თავი პირველად 16 წლის ასაკში გამოსცადა. ფოტოგრაფიამ იგი გაიტაცა იმ დღიდან, როცა მას მშობლებმა აჩუქეს საბჭოთა ეპოქის საუკეთესო ფოტოაპარატი — „სმენა“. როგორც სხვა ბევრმა ახალგაზრდამ, ნიკოლოზმაც პირველი გაკვეთილები ფოტომოყვარულთა წრეში გაიარა. ეს იყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე იგი 1985 წელს დაამთავრებდა ლენინგრადის ტექნიკურ სასწავლებელს, ფოტოგრაფის სპეციალობით. 80-იანი წლების შუახანებიდან იგი ასწავლიდა ფოტოსაქმეს „პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში“, მუშაობდა ფოტოგრაფად ლენინგრადის სხვადასხვა ორგანიზაციაში; მონაწილეობდა ფოტოკონკურსებში, ნამუშევრებს აქვეყნებდა გაზეთებში. შემოქმედებით ფოტოგრაფიას ნიკოლოზ ანდრეევმა მთლიანობაში მიუძღვნა ცხოვრების 35 წელი.

შემდგომში მან განათლება მიიღო რიგის სასულიერო სემინარიაში, სანქტ-პეტერბურგის რ. ვალენბერგის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ჟურნალისტთა კავშირთან არსებული ფოტოკორესპონდენტების ფაკულტეტი, ასევე სანკტ-პეტერბურგის ი.ა. რეპინის ფერწერის, სკულპტურისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიური ინსტიტუტი. იგი არის რამდენიმე ფოტოკონკურსის პრიზიორი; 2009 წლიდან რუსეთის ფოტოშემოქმედთა კავშირის წევრი; 2013 წლიდან რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი. მისი ნამუშევრები იფინებოდა რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგის მანეჟში, გალერეაში „რახმანინოვ დვორიკ“, სანკტ-პეტერბურგის მხატვართა კავშირის საგამოფენო ცენტრში, რეგენტ-ჰოლში, ვლადიმირის ღვთისმშობლის ტაძარში.

სიკეთე, რომელსაც ამკვიდრებს ქრისტიანობა, მთავარ ადგილს იკავებს ავტორის შემოქმედებაში. ჟანრობრივი, ყოფითი ფოტოგრაფია, ცხოვრების სიმძიმის მიუხედავად, უნდა თავის თავში ატარებდეს სიკეთეს და სინათლეს. ამიტომ ნიკოლოზისთვის ახლობელია ბუნებრივი, ადამიანური უბრალოება და სილამაზე, რომელსაც თავად ხედავს და ცდილობს მნახველამდეც მიიტანოს. „ქრისტეს სახება უნდა აღიბეჭდოს მართლის სულში“. ავტორიც ძველი მოღვაწეების ამგვარ სახებას ატარებს თავის თავში.

მამა ნიკოლოზის ნამუშევრების უმრავლესობა გაერთიანებულია ერთი საერთო თემით — ღვთისმსახურებით. პათოსისა და ემოციური აფეთქებისგან შორს მყოფი წმიდანთა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა გამოსახულებები, შესაძლოა, არ გვხიბლავდნენ ტექნიკური მიგნებების ნოვატორობით, მაგრამ მათი შესრულების მაღალი ხარისხი საშუალებას იძლევა შევაფასოთ ავტორის უდავო პროფესიონალიზმი. მათში ჩანს არა მხოლოდ სურათი, არამედ, უპირველესად არსი. საამისოდ განგვაწყობს ავტორისეული ფერთა გადაწყვეტაც — ყველა ჟანრის პროფესიონალის საყვარელი შავთეთრი ფოტო. მონოქრომული გამოსახულება მუდამ აქცენტირებულია კონტურებზე, შუქ-ჩრდილებზე. წარმოდგენილი გამოსახულებანი ქმნიან ნათელი სახეების მთელ სერიას, რაც იწვევს ყველაზე კეთილ ემოციას და ღიმილს. ჟანრობრივი სცენები, ინტიმური, ფსიქოლოგიური პორტრეტები და პეიზაჟები — ეს არის ავტორის ერთიანი, მთლიანი სუბიექტური ხედვა გარესამყაროზე. ეს სამყარო კი ჭეშმარიტად უნიკალურია, დანახული ფოტოგრაფისაგან, ვისი ბედიც მჭიდროდაა დაკავშირებული გამოსახულების თემასთან. მამა ნიკოლოზის ფოტოებზე ხალხის სახეები გამოხატავენ არამარტო რწმენას, არამედ სიხარულსაც. ეს არის ერთდროულად ფსიქოლოგისა და ღვთისმსახურის ნამუშევრები.